OCTOBER COVER STORY – SOPHIE VILLY

ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს ახალგაზრდა, წარმატებულ მუსიკოსს სოფი ხუციშვილს , გეტყვით, რომ ეს ქართველი მუსიკოსი თავდაუზოგავი შრომით მსოფლიოს იპყრობს. წარმატებულ ქართველ შემსრულებელ Sophie Villy-ს ჟურნალი BÈNÈFIQUE ექსკლუზიურად გაესაუბრა.

სოფი ვილის მუსიკის იდეალოგია.

ზოგადად რასაც ვქმნი განპირობებულია ჩემი შინაგანი მდგომარეობით, გარემოთი და მოვლენებით, რომელზეც თვალს ვერ ვხუჭავ. ეს ყველაფერი ხშირად აღიქმება ჩემს მუსიკაში. ეს არის უდიდესი პროცესი, თავისი წინაღობებით, დაბრკოლებით და შემეცნებით.. ერთი სიტყვით, ეს არის გზა, რომელიც თავისუფლებას განიჭებს.

თქვენი შთაგონების წყარო და მუსიკის შექმნის პროცესი.sophie 3

შექმნის პროცესი ყოველთვის სხვადასხვანაირია, მაგრამ ძირითადად მოგზაურობის დროს ვწერ ტექსტებს. რამე მელოდია თუ მომივა თავში, ეგრევე აუდიო რეკორდერში ვიწერ და შემდეგ ინსტრუმენტზე გადამაქვს. ხშირად დაკვრის პროცესში იბადება ახალი იდეები. ყოველთვის მოულოდნელი და განსხვავებული პროცესია, არასდროს იცი, როდის დაიწყება.

სოფი ვილი სპორტსა და მუსიკაში…

სპორტმა მომცა ნებისყოფა, გამძლეობა, ამტანობა და მიზანდასახულობა, რაც დღეს, ჩემს სფეროში ძალიან მეხმარება.. და ზოგადად, ცხოვრებაში. წყალში ხტომა ნამდვილად არ არის მარტივი სპორტი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპამდე სპორტმა და სირთულეების გადალახვის უნარმა მომიყვანა. რომ არა ნებისყოფა და მიზანდასახულობა, ალბათ ვიჯდებოდი სახლში, ფანჯრის რაფაზე და ჩემთვის დავუკრავდი.

როგორია თქვენთვის სამყარო მუსიკით და როგორი იქნებოდა მუსიკის გარეშე?

მუსიკის გარეშე საერთოდ არაფერი იქნებოდა. ბავშვობიდან მუსიკა მესმის. გრიბოედოვის ქუჩაზე, კონსერვატორიის წინ დავიბადე და გავიზარდე. მშობლებიც ძალიან მუსიკალურები არიან. გარკვეულწილად ამ გარემომ განაპირობა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა. მუსიკის გარეშე ნამდვილად სიცარიელე იქნებოდა. მიკვირს ისეთი ადამიანების, რომლებიც მუსიკას საერთოდ არ უსმენენ.

sophie 4რა რჩევას მისცემდით ახალბედა მუსიკოსებს?

პირველ რიგში არ გაჩერდნენ და არ გახადონ ეს საქმიანობა ერჯერადი. არ იყვნენ ორიენტირებულები დროებით პოპულარობასა და შემოსავალზე. ასეთი მიდგომით, ხარისხიც იკარგება და მუსიკა ერთჯერადი, ერთფეროვანი ხდება. ცადონ ყველანაირი გზა და ხერხი, დააკაკუნონ ყველა კარზე.

ქართული მუსიკა…

ქართული მუსიკა ბევრ კატეგორიად იყოფა. ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია დღეს საქართველოში. ახლა, სწორედ მათ სჭირდებათ გვერდში დგომა და ხელშეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე დრომ აჩვენა, ეს ხალხი უმოტივაციობის გამო იკარგება. მინდა, რომ ისინი უფრო ბევრმა ადამიანმა გაიცნოს. ისეთი კონკურსები, როგორც ნიჭიერი და საქართველოს ვარსკვლავი, როგორც აღმოჩნდა, არ არის პერსპექტიული და გამარჯვების შემდეგ ძალიან ბევრი მუსიკოსი უბრალოდ ქრება. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიმართულების პოვნა და საწყის ეტაპზე დამოუკიდებელი მენეჯმენტის უნარი.

რამდენად ემთხვევა თქვენი ბავშვობის ოცნებები დღევანდელ რეალობას?

ძალიან ემთხვევა. დაახლოებით 8 წლის ვიყავი, როდესაც NIRVANA-ს da Alanis Morissettes Unplugged გამოსვლას ვუყურებდი MTV-ზე. ჩემს მშობლებს მივუტრიალდი და ვუთხარი, რომ გავიზრდებოდი, მეც ასეთი გრძელი თმა მექნებოდა და გიტარაზე დავუკრავდი.

საქართველო, ნიუ-იორკი, ლოს-ანჟელესი და კიევი – წარმატების პირველი ნაბიჯები. პირველი ნაბიჯები კიევში დაიწყო. იქ დავაარსე ჩემი პირველი ჯგუფი. 2012 წელს პირველი ალბომის “Mother Fish” გამოშვების შემდეგ ამერიკაში, ფლორიდაში Fall Arts Festival-ზე მიმიწვიეს. 2013 წელს მქონდა ტურნე ლოს ანჯელესსა და ნიუ იორკში, რის შემდეგაც სინგლი ”Position” ამერიკის წამყვან რადიოსადგურებზე და BBC 2-ზე ლონდონში მოხვდა. ამ ტურის კონცერტები ტომ ვეითსის გიტარისტთან ერთად, ლანა დელ რეის დრამერთან და მელოდი გარდოს დრამერთან ერთად ჩავატარე. ეს საოცარი მუსიკოსები სპონტანურად გავიცანი.. იცით, რაც დრო გადის ვხვდები, რომ შენდ გზას როდესაც ადგახარ, ყველაფერი თავისით ხდება და გამოდის. 2015 წელს დავუკარი უდიდეს ფესტივალზე SXSW-ზე ოსტინში, ტექსასის შტატში.

როგორ გაიხსენებთ საზოგადოების პირველ რეაქციას სოფი ვილისადმი?Photo 10-8-17, 10 55 42 PM

კიევში, მახსოვს პირველივე კონცერტს კარგი გამოხმაურება მოჰყვა. თბილისშიც, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, რეაქცია საკმაოდ მკვეთრი იყო.

ჟანრი, რომელშიც მღერით, რამდენად გაძლევთ საკუთარი თავის წარმოჩენის თავისუფლებას?

100% ის არის რაც ვარ. ამ ეტაპზე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ არასდროს გამოვრიცხავ ექსპერიმენტებს. რაც ჩემში იცვლება, ზუსტად იგივე იცვლებას ჩემს მუსიკაშიც. ბევრი სხვადასხვა რაღაც ვცადე და ვფიქრობ, შემდეგი, მეოთხე ალბომი ამ ექსპერიმენტების ზღვა იქნება. მასალა უკვე დაგროვილი მაქვს, მაგრამ ალბომის შექმნის პროცესს ცოტა სხვა კუთხით ვუდგები, ჩემთვის მისი კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია. სიმღერები შეიძლება სხვადასხვა თემატიკაზე იყოს მაგრამ მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს ჯაჭვი, რომელიც ალბომის მთლიანობას განაპირობებს. ნაჩქარევად არასდროს არ უნდა გაკეთდეს ასეთი ნამუშევარი.

მოგვიყევით თქვენი ბენდის შესახებ, როგორია ბენდის ინსტრუმენტალი?

ბენდში ჩემ გარდა კიდევ სამი მუსიკოსია. გიტარაზე – სტას კონონოვი, დასარტყამ ინსტრუმენტზე დიმა ზინჩენკო. ისინი ხარკოვიდან არიან, უკრაინაში გავიცანი. 5 წელია უკვე ერთად ვუკრავთ. ბასისტი – ლევან მიქაბერიძე თბილისში ცხოვრობს. პერიოდულად გვერთვება ზურა ძაგნიძე, რომელიც ჩაწერებში ყოველთვის მონაწილეობს, გიტარისი, რომელიც შტუდგარტში ცხოვრობს, მეც ხან იქით ვარ, ხან აქეთ. გვიწევს დისტანციურად ყოფნა, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, შეხვედრის დროს დაგროვილ გამოცდილებას ერთმანეთს ვუზიარებთ და ეს პროცესი უფრო საინტერესო რაღაცას გვძენს. უფრო ნაყოფიერია, როდესაც რაღაც პერიოდი ცალცალკე ვართ და მერე ისევ ვიკრიბებით, სტუდიაში ვმუშაობთ, ან კონცერტისთვის ვემზადებით. მოგონებები პირველი კონცერტიდან პირველი კონცერტი მქონდა 2009 წელს კიევში. კლუბ 44-ში, ჩემი ექვსი სიმღერა აკუსტიკურად შევასრულე. ძალიან ბევრი ხალხი იყო. მეორე გამოსვლა Radiohead-ის და Coldplay-ს საღამოზე მქონდა. ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე ბენდი უკრავდა. მახსოვს გიტარით ხელში, მარტო გავედი სცენაზე და დაკვრას რომ მოვრჩი, მქუხარე ტაშმა და შეძახილებმა გამაოცა. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ სცენა ის ადგილია, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს.

sophie 2ალბომის შექმნის პროცესში, რა არის თქვენი მიზანი? რისი თქმა გსურთ ყოველი ახალი ალბომით ხალხისთვის?

ყოველი ალბომი ცვლილებაა.. ჩემთვის მოძრაობას ნიშნავს და შესაბამისად განვითარებას. ახალი ენერგიაა, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე გროვდება და შემდეგ ამოფეთქავს. ყოველ ჯერზე რაღაც ახლისკენ მიისწრაფი. ცდილობ ახალი ნამუშევარი ბევრად უკეთესი და განსხვავებული იყოს ვიდრე წინა. არ ზოგავ არც ენერგიას და არც სახსრებს, ფაქტიურად შენი შვილია.. როგორც მწერლისთვის წიგნი, რეჟისორისთვის – ფილმი და მხატვრისთვის – ტილო.

თქვენი პირველი ალბომის სახელწოდებაა ,,Mother Fish’’ , რომელსაც სახელწოდებასთან ერთად საკმაოდ საინტერესო გარეკანი აქვს და ზოგადად რა დატვირთვა აქვს თქვენი ალბომის სახელწოდებებს?

ეს ალბომი დედას მივუძღვენი. იმ მომენტში კიევში ვიყავი, ზამთარი იყო. მე და დედაჩემი უფრო დავახლოვდით მაგ პერიოდში. გარემოსთან ადაპტაცია, ახალი უნივერსიტეტი, ახალი ხალხი, გარდამტეხი და საკმაოდ რთული მომენტი იყო. მახსოვს, დედაჩემის დაბადების დღე იყო, 22 თებერვალი. სახლთან ახლოს, შევჩენკოს პარკში მარტო ვსეირნობდი, ბავშვები თამაშობდნენ თოვლში და უცბად დავინახე ნაფეხურებით დატკეპნილი დიდი თევზი თოვლიან ზედაპირზე. სახლში რომ მოვედი სიმღერა ”Mother Fish” 15 წუთში დავწერე. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი უკვე ალბომი გამოვუშვი. ზოგადად ალბომის სახელწოდებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჩემთვის.

წინადადება, რომლითაც ხსნით კონცერტს.sophie 1

თუ უცხოეთში მაქვს კონცერტი თავიდან ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველოდან ვარ, არა შტატიდან, არამედ ქვეყნიდან, რომელიც არის შავ ზღვასთან და ამხელა გზა იმისთვის გამოვიარე, რომ მათთვის დავუკრა. ამას მქუხარე ტაში მოჰყვება, რადგან ბევრისთვის ძალიან მოულოდნელია, რომ საქართველოდან ვარ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ერთი კოლაბორაცია უკვე შედგა გოგი ძოძუაშვილთან ერთად და მალე გამოვა. ასევე Kordz-თან (ალექს კორძაია) ერთად ვმუშაობთ ახალ კომპოზიციაზე. ალბომის ”Planet A” იგივე სახელის კომპოზიციაზე ვიდეო გადავიღე ნიუ იორკში და ამჟამად მონტაჟის პროცესშია. ვფიქრობ, ოქტობერში გამოვა.

 

ტექსტი: BÈNÈFIQUE

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

ჩაცმულობა: GEORGE KEBURIA, NICOLAS GRIGORIAN

Leave a comment